ქირურგიული პროცედურები

ტერფის დიაგნოსტიკა და ბუნიონის ქირურგიული მკურნალობა

ტერფის ვალგუსური დეფორმაცია - Hallux Abducto Valgus ანუ ბუნიონი, ტერფის ყველაზე ხშირი დეფორმაციაა, გამოხატული კოსმეტიკური დეფექტით და ხასიათდება ტერფის ცერა თითის გადახრით მომდევნო თითებისკენ. ცერა თითის ტერფის ძვლებთან შესახსრების მიდამოში ვითარდება მკვრივი ბორცვი, რომელიც ხშირად მტივნეულია.

ბუნიონი ასევე შეიძლება განვითარდეს ტერფის მე-5 თითზეც (ე.წ."ტეილორის ბუნიონი").

ბუნიონის წამოშობის მიზეზებთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი არსებობს.

სპეციალისტების ერთი ჯგუფი ბუნიონის წარმოშობის მთავარ მიზეზად ფეხსაცმლის, განაკუთრებით კი, წაწვეტებულცხვირიანი ვიწრო ფეხსაცმლის ხშირ ტარებას ასახელებენ, მეორენი კი მიიჩნევენ, რომ ბუნიონის წარმოშობა გენეტიკური ფაქტორებით არის განპირობებული, ხოლო შემბოჭავი ფეხსაცმელი ისედაც არსებული პრობლემის გაუარესებას უწყობს ხელს.

ბუნიონი შესაძლოა განპირობებული იყოს ტერფის მყესების, იოგების და წინატერფის ძვლების დამჭერი სტრუქტურების განსხვავებული განლაგებით. ასეთი ბიომექანიკური ანომალია შესაძლოა გამოიწვიოს ფეხის შინაგანი სტრუქტურის სხვადასხვა მდგომარეობამ, მათ შორის, ბრტყელმა ტერფმა, იოგების ზედმეტმა მოქნილობამ, ძვლის არანორმალურმა სტრუქტურამ, ასევე ზოგიერთმა ნევრალგიურმა მდგომარეობამ. როგორც წესი, ჩამოთვლილი ფაქტორები თანდაყოლილია და შემბოჭავი ფეხსაცმლის ტარება ხელს უწყობს ბუნიონის სწრაფ გამოვლენას.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ პოპულაციების კვლევისას, სადაც ფეხსაცმელს საერთოდ არ ატარებენ, არ დაფიქსირებულა ბუინიონის არც ერთი შემთხვევა. კვლევის ასეთი შედეგი გვაფიქრებინებს, რომ ბუნიონის გამოვლენის ძირითადი მიზეზი მართლაც რომ შემბოჭავი ფეხსაცმლის ტარებაა.

ბუნიონი ვითარდება მაშინ, როდესაც ცერა თითის (Hallux) გარეთა ზედაპირი განიცდის ზეწოლას (მაგალითად, ფეხსაცმლისგან), რომლის შედეგადაც იგი გადაიხრება მომდევნო თითებისკენ და აწვება მათ. შესაძლოა მოხდეს ისეც, რომ საბოლოოდ ცერა თითი მეორე თითის ზემოთ ან ქვეშ აღმოჩნდეს. ზეწოლის შედეგად შესაძლებელია შეშუპდეს და მტკივნეული გახდეს ზემოქმედების ქვეშ არსებული სახსრის გარშემო ქსოვილი.

ბუნიონი მკვრივი წარმონაქმნია, რამდენადაც მის შემადგენლობაში, გასქელებული რბილი ქსოვილების გარდა, გამოზნექილი ძვლის ნაწილიც შედის.

ხშირად ბუნიონს ნიკრისის ქართან (პოდაგრა) აიგივებენ. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებას, რომელიც აზიანებს ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილს და იწვევს ანთებით-დესტრუქციულ-სკლეროზულ ცვლილებებს. როგორც წესი, ამ დროს ფეხის და ხელის თითების სახსრები ზიანდება. პოდაგრისგან გასხვავებით, ბუნიონის შემთხვევაში ადგილი აქვს ტერფის დეფორმაციას და ბიომექანიკის დარღვევას.

სტატისტიკის თანახმად, პოდაგრა უმეტესად გვხვდება მამაკაცებში (95%), ბუნიონი კი - ქალებში (98%).

ტერმინი "hallux valgus" ან "hallux abducto valgus" ყველაზე ხშირად გამოიყენება მედიცინაში ბუნიონის ასაღწერად. "hallux" - ფეხის ცერა თითის ლათინური დასახელებაა, "valgus" გულისხმობს ცერა თითის ანომალურ გადახრას, აც ზოგადად ბუნიონისთვისა არის დამახასიათებელი, ხოლო "abductus" გულისხმობს ფეხის ცერა თითის გადახრის მიმართულებას მეორე თითისკენ, რაც ასევე ბუნიონის მახასიათებელი ნიშანია.

 

 

 

ბუნიონის განვითარების შედარებით გვიან სტადიაზე ჰალუქსი განაგრძობს გადახრას ღერძიდან მეორე თითის მიმართულებით და საბოლოო მოექცევა მის ქვეშ ან ზემო. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია განვითარდეს თითების ე.წ. "ჩაქუჩისმაგვარი დეფორმაცია". 

 

 

 

ბუნიონის მახასიათებლები და სიმპტომები

ბუნიონის სიმპტომებს შორის, გარდა მკვრივი ბორცვისა, აღინიშნება მის ირგვლივ არსებული კანის შეშუპება, შეწითლება, დაწყლულება, დიდი თითის გადახრა სხვა თითების მიმართულებით, ტკივილი, რომელიც ძლიერდება სიარულისას.

ბუნიონი ართულებს კომფორტული ფეხსაცმლის შერჩევას. ადამიანი, რომელსაც გამოხატული აქვს აღნიშნული დეფორმაცია, ხშირად იძულებულია, შეიძინოს შედარებით დიდი ზომის ფეხსაცმელი, რათა შეძლოს მისი მორგება ბუნიონის შედეგად გაგანიერებულ ტერფზე. როდესაც ბუნიონი უკვე საკმაოდ გვიან სტადიაზეა გადასული, ფეხის ტკივილი შეიძლება აღინიშნოს ფეხსაცმლის ტარების გარეშეც, რაც განპირობებულია იმით, რომ განვითარების გვიან სტადიაზე ბუნიონის შედეგად უკვე დარღვეულია ტერფის მექანიკური ფუნქციაც.

 

მკურნალობა

საწყის ეტაპზე, ბუნიონის მკრნალობა, საკმაოდ მცირედი ჩარევით არის შესაძლებელი. ხშირად საკმარისი ფეხსაცმლის სწორად შერჩევა, სხვადასხვა სახის ორთოზის, ფიქსატორის, ფეხის თითებს შორის სეპარატორის ან გელის გამოყენება და დასვენება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპეციალურად, ინდივიდუალურად დამზადებული ორთოზების (ღაბაშების, სუპინატორების) გამოყენება.

მკურნალობის ასეთი მეთოდები, სხვადასხვა სახის მედიკამენტის მიღებასთან ერთად, ძირითადად ბუნიონით წარმოშობილ დისკომფორტს და სიმპტომებს ხსნის ან ამცირებს. გართულებულ შემთხვევებში კი, დეფორმაციის საფუძვლიანი კორექციის მიზნით, აუცილებელი ხდება ქირურგიული ჩარევა.

 

ქირურგია

ბუნიონის სამკურნალოდ, მრავალი ქირურგიული მეთოდი არსებობს, რომლებიც მიზნად ისახავენ ტერფის ბიომექანიკის აღდგენას. მეთოდი შეირჩევა უშუალოდ ქირურგის მიერ, ჩატარებული გამოკვლევების და პაციენტის ობიექტური მდგომარეობიდან გამომდინარე. ზოგჯერ საკმარისია მხოლოდ ჩარევა რბილი ქსოვილების დონეზე, შორსწასულ შემთხვევებში კი აუცილებელი ხდება ტერფის ძვლების კორექცია.

ოპერაციის დაგეგმვისთვის აუცილებელია ტერფის გამოკვლევა, ე.წ. პოდომეტრია და რენტგენოგრაფია. ეს მეთოდები სწრაფი და უმტკივნეულოა და გვაძლევს სრულ წარმოდგენას ტერფის ბიომექანიკური ფუნქციის მდგომარეობის შესახებ.

ბუნიონის ოპერაცია, პროცესის სიმძიმიდან გამომდინარე, შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ადგილობრივი, ასევე სპინალური ანესთეზიით ან ზოგადი ნარკოზით.

ოპერაციის სირთულის შესაბამისად, რეაბილიტაციის პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს 6-დან 8 კვირამდე. ამ ხნის განმავლობაში პაციენტი ატარებს სპეციალურ ფეხასაცმელს. გამორიცხული არ არის ამ პერიოდში საჭირო გახდეს ყავარჯნების გამოყენებაც (ჩატარებული ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე).

 

პროფილაქტიკური ზომები

ეს რჩევები დაგეხმარებათ, შეამციროთ ბუნიონის წარმოშობის რისკი:

 - ნუ ატარებთ ვიწრო და მოუხერხებელ ფეხსაცმელს;

- ნუ გამოიყენებთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს (5 სმ-ზე მეტი) ხანგრძლივად. უმჯობესია გამოიყენოთ ფეხსაცმელი, რომლის ქუსლის სიმაღლე 3-დან 5 სმ-მდე        მერყეობს;

 - დაასვენეთ ფეხი, გაიკეთეთ ტერფის მსუბუქი მასაჟი დაღლილობის შემთხვევაში;

 - საჭიროების შემთხვევაში ატარეთ ღაბაშები;

 - თუ ბუნიონის განვითარება შენიშნეთ, დროულად მიმართეთ სპეციალისტს. ადრეული დიაგნოსტიკა უფრო მარტივს გახდის არსებული პრობლემის  გამოსწორებას ან გაუარესების თავიდან აცილებას.