ქირურგიული პროცედურები

სახის, შუბლის და წარბების აწევა (ლიფტინგი) ენდოსკოპიურად, ყელის დაჭიმვა

ასაკის მატებასთან ერთად, დუნდება სახის კანის კუნთები, კანი კარგავს ელასტიურობას, ჩნდება ნაოჭები, სახე თანდათან ქვევით „ეშვება“. ადამიანი გამოიყურება დაღლილად, მოწყენილად. ადვილი შესამჩნევია ასაკი.

ადამიანთა უმეტესობა, მიუხედავად იმისა, რომ სრულად აქვს გაცნობიერებული, რომ დროს უკან ვერ დააბრუნებს, ძნელად ეგუება ასაკით გამოწვეულ გარეგნულ ცვლილებებს. ცდილობს სხვადასხვა მეთოდით შეაჩეროს დროის გავლენა გარეგნობაზე და როგორც ქალბატონები, ასევე მამაკაცებიც ხშირად მიმართავენ სახეზე სხვადასხვა ტიპის ქირურგიულ ჩარევას.

პლასტიკური ქირურგიის დახმარებით შესაძლებელია გამოსწორდეს ასაკით გამოწვეული, განსაკუთრებით შესამჩნევი ნიშნები - გასწორდეს გარკვეული ნაოჭები, ნაწილობრივ „აიწიოს“ სახე, დაიჭიმოს კანი ყელზე და ა.შ.

იმის მიხედვით, თუ რა პრობლემა აქვს ადამიანს, შეიძლება გაკეთდეს მთლიანად სახის და ყელის დაჭიმვის ოპერაცია, ე.წ. „ფეისლიფტი (სახის აწევა), ან გაკეთდეს ნაწილ-ნაწილ შუბლის, სახის ზედა, შუა და ქვედა მესამედის და ყელის დაჭიმვა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ოპერაცია ითვალისწინებს მოშვებული კანის აშრევებას, კუნთების დაჭიმვას, ზედმეტი კანის მოცილებას. შედეგად პაციენტის გამომეტყველება უფრო ახალგაზრდულია, გასწორებულია ნაოჭები, გამოსწორებულია სახის დაშვება.

ოპერაციის შედეგად, რა თქმა უნდა შეუძლებელია პაციენტის სახე გახდეს ისეთივე, როგორიც იყო 20-25 წლის ასაკში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეფექტი საგრძნობია, რაც პაციენტებს ბედნიერების შეგრძნებას ანიჭებს.

ოპერაციის შედეგი დამოკიდებულია პირველ რიგში იმაზე, თუ როგორ გამოიყურება პაციენტი ოპერაციის წინ, რა მდგომარეობაშია მისი კანი, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ტრადიციული ფეისლიფტის ოპერაციის დროს, სახეზე და თავის თმიან ნაწილში აღინიშნებოდა საკმაოდ გრძელი ნაწიბურები (ყველა ნაწიბური დამალული იყო თმიან ნაწილში ან ყურს უკან).

რაც შეეხება თანამედროვე ტექნოლოგიებს- აღნიშნული ოპერაციები ტარდება ენდოსკოპების გამოყენებით, რაც ითვალისწინებს მხოლოდ რამდენიმე მოკლე განაკვეთის გაკეთებას, რომლის შემდეგ ნაწიბურების შემჩნევა ძნელია.

მართალია სახის ქვედა ნაწილისა და ყელის დაჭიმვის ოპერაციის შემთხვევაში ნაწიბურები ისევ ტრადიციულ ადგილებშია - უმეტესად ყურს უკან, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას ეს ნაწიბურებიც ძნელად შესამჩნევი იყოს.

ოპერაციის წინ აუცილებელია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა, რათა დაიგემოს ოპერაციის მოცულობა.

აუცილებელია პაციენტი არ ეწეოდეს სიგარეტს ოპერაციამდე მინიმუმ 2 კვირით ადრე და ოპერაციის შემდეგ 3 კვირის განმავლობაში.

ოპერაცია ტარდება ნარკოზით ან ადგილობრივი ანესთეზიისა და სედაციის (მედიკამენტოზური ძილი) კომბინირებით და მოცულობისგან დამოკიდებულებით, შეიძლება გაგრძელდეს 1,5-დან 5 საათამდე. ოპერაციის შემდეგ სახე შეშუპებულია, აღინიშნება საისხლჩაქცევები, სრულ რეაბილიტაციას სჭირდება 1-1,5 თვე.

საბოლოო შედეგის შეფასება შესაძლებელია 3-6 თვის გასვლის შემდეგ. ხშირად ოპერაციასთან ერთად ტარდება სახის ლაზერული დერმაბრაზია და ცხიმის გადანერგვა (ე.წ. "ლიპოფილინგი").

რაც შეეხება გართულებებს, შესაძლებელი მოხდეს სახის ნერვის რომელიმე ტოტის დროებითი ან მუდმივი დაზინება (ძალზედ იშვითად), განვითარდეს ჰემატომა, ჭრილობის ინფიცირება ან კანის ნაწილობრივი ნეკროზი.

აუცულებელია ექიმის დანიშნულების ზედმიწევნით შესრულება, რათა თავიდან ავიცილოთ ოპერაციის შემდგომი პერიოდის გართულებები.

ოპერაციის შედეგი ნარჩუნდება 5-7 წლის განმავლობაში, რის შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს ოპერაციის ცალკეული ეტაპის გამეორება, რაც გაცილებით ადვილია პაციენტისათვის.