ქირურგიული პროცედურები

მკერდის დაპატარავება, აწევა, რეკონსტრუქცია

პაციენტებისათვის დიდი მკერდი არანაკლებ პრობლემურია, ვიდრე პატარა მკერდი. დიდმა მკერდმა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები ჯანმრთელობის მხრივ- ზურგის და კისრის მიდამოს ტკივილი, ხერხემლის დეფორმაცია, ქოშინი. დიდი მკერდის შემთხვევაში ხშირია აზღუდის ტარებისგან მხრების დეფორმაციაც. გარდა ამისა ნებისმიერი ასაკის ქალს ძალიან დიდი ზომის მკერდი ფსიქოლოგიურ პრობლემებსაც უქმნის.

მკერდის დაპატარავების ოპერაცია, ანუ რედუქციული მამოპლასტიკა, ითვალისწინებს სარძევე ჯირკვლის ჭარბი ქსოვილის მოცილებას და მის დაპატარავებას სასურველ ზომამდე. ამასთანავე ხდება დიდი არეოლის დაპატარავებაც.

ოპერაცია მიმდინარეობს ნარკოზით, 3-4 საათის განმავლობაში. სრული რეაბილიტაციის პერიოდი 1-1,5 თვეა.

როდესაც საქმე ეხება დაშვებული მკერდის აწევას, ტარდება ე.წ. მასტოპექსიის ოპერაცია, რაც ითვალისწინებს ჭარბი კანის მოცილებას და სარძევე ჯირკვლის დაფიქსირებას უფრო მაღალ პოზიციაში, ვიდრე ის ოპერაციამდე იმყოფებოდა.

იმ შემთხვევაში, როდესაც სარძევე ჯირკვალის ქსოვილი განლეულია და მკერდის ზომა არსაკმარისია, მკერდის აწევასთან ერთად, კომბინირებულად კეთდება მისი გადიდება იმპლანტირებით.

ორივე ამ ოპერაციის შემდეგ, პაციენტს ემატება თავდაჯერებულობა, მკერდი იღებს სასურველ ფორმებს და ზომებს, მაგრამ პაციენტების უკმაყოფილებას იწვევს ნაწიბურები რომლებიც რჩება არეოლის ირგვლივ და სარძევე ჯირკვლის ქვედა ნაკეცის მიდამოში. ამ ნაწიბურებს არ შეუძლიათ დაჩრდილონ ოპერაციის შედეგით მიღებული სიხარულის განცდა, რამდენადაც ისინი, დროთა განმავლობაში უფერულდება და ძნელად შესამჩნევი ხდება.

რაც შეეხება მკერდის რეკონსტრუქციას, მისი ჩატარება საჭირო ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს რომელიმე მკერდი არა აქვს დაბადებიდან, ან სხვადასხვა მიზეზის გამო (უფრო ხშირად ონკოლოგიური ჩვენებებით), საჭირო გახდა მისი მოცილება.

მკერდის რეკონსტრუქციის სხვადასხვა მეთოდი არსებობს.

იმის მიხედვით, თუ რა მდგომარეობაა, რეკონსტრუქცია შეიძლება ჩატარდეს საკუთარი ქსოვილების გადანაცვლებით სხვა ადგილიდან მკერდის ადგილზე, ან მოხდეს მკერდის ფორმირება ექსპანდერის და იმპლანტების გამოყენებით. ექსპანდერი - დროებითი, იმპლანტის მაგვარი მოწყობილობაა, რაც უზრუნველყოფს ჭარბი კანის განვითარებას, იმისათვის რომ შესაძლებელი გახდეს კანქვეშ იმპლანტის მოთავსება.

ხშირად სარძევე ჯირკვლის რეკონსტრუქციის ოპერაციები რამდენიმე ეტაპიანია და საბოლოო მიზნის მისაღწევად პაციენტისა და ექიმისაგან საკმაო ძალისხმევასა და მოთმინებას მოითხოვს.

სადღეისოდ ზოგიერთი კომპანია უკვე აწარმოებს ექსპანდერებს, რომელთაც შეცვლა არ სჭირდებათ, რაც ერთი ეტაპით ამცირებს რეკონსტრუქციის ოპერაციების სერიას.

 

       ოპერაციამდე                              ოპერაციის შემდეგ